საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი) დირექტორის, პროფესორი რალფ მიხაელსის ვიზიტი

მიმდინარე წლის 14-16 ივნისს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი) ახალი დირექტორი, პროფესორი რალფ მიხაელსი. ვიზიტის მიზანი იყო მოლაპარაკებები მაქს პლანკის ინსტიტუტსა და იურიდიულ ფაკულტეტს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელების და გაღრმავების თაობაზე, რაც ასევე მოიცავს თანამშრომლობის ახალ კომპონენტებს-მაგ. მკვლევარების - როგორც პროფესორ-მასწავლებელების ასევე დოქტორანტების - უფრო მჭიდრო თანამშრომლობას  მეცნიერული კვლევების შედეგების ურთიერთგაზირების, და ასევე საერთო ინტერესების სფეროების განსაზღვრის მიზნით.  მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს საერთო გრძელვადიანი  თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე და ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ექსპერტი ლია შატბერაშვილი.

 

15 ივნისს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტზე გაიმართა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი) დირექტორის, პროფესორი რალფ მიხაელსის საჯარო ლექცია თემაზე „სასამართლო პროცესში საზღვარგარეთის სამართლის დადგენის და გამოყენების რეკომენდაციები გერმანიის ჰამბურგის ფედერალური მიწის მაგალითზე”, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, მოსამართლეები, მკვლევარები და სტუდენტები. საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკურია ლექციაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტს (ჰამბურგი) შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში  უკვე სამი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

თსუ-ს და MPI-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2025 წლის მაისში იგეგმება რიგით მეოთხე ერთობლივი კონფერენცია თემაზე "საქართველოს გამოწვევები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე:  სამართლის მეცნიერების წვლილი",  რომელიც მიეძღვნება ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის  ყოფილი დირექტორის, თსუ საპატიო დოქტორის აწ გარდაცვლილი პროფესორ იურგენ ბაზედოვის ხსოვნას.

თარიღი: 01/07/2024